შპს ,,საარბიტრაჟო  სასამართლო ლეგია”-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის

დებულება

თავი I. არბიტრაჟში სამართალწარმოების ძირითადი დებულებანი

მუხლი 1. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება

1.1. ,,არბიტრაჟი’’ – ერთი ან რამდენიმე წევრისაგან შემდგარი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა;

1.2. ,,არბიტრი” – არბიტრაჟის წევრი;

1.3. „არბიტრთა კოლეგია“ – კონკრეტული დავის გადასაწყვეტად შექმნილი არბიტრაჟი სამი არბიტრის შემადგენლობით;

1.4. „არბიტრთა კოლეგიის თავმჯდომარე“ – არბიტრთა კოლეგიის წევრი, რომელიც უძღვება არბიტრთა კოლეგიის სხდომას და ახორციელებს კოლეგიის სხვა ორგანიზაციულ საქმიანობას;

1.5. ,,მუდმივმოქმედი არბიტრაჟი” – შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია” მუდმივმოქმედი არბიტრაჟი;

1.6. ,,მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე” – შპს ,, ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია” მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს  შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს პარტნიორთა კრება უვადოდ.

1.7. ,,დავა” – კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის განხილვაც ეთხოვა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს;

1.8. ,,მხარეები” – საარბიტრაჟო მოსარჩელე და საარბიტრაჟო მოპასუხე;

1.9. ,,საარბიტრაჟო მოსარჩელე” – მხარე, რომელიც დავას განსახილველად გადასცემს არბიტრაჟს;

1.10. ,,საარბიტრაჟო მოპასუხე” – მხარე, რომლის წინააღმდეგ წარდგენილია საარბიტრაჟო სარჩელი.

1.11. არბიტრაჟის ხარჯები – საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

მუხლი 2. ზოგადი დებულებები

2.1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მხარეთა შორის წამოჭრილ კერძო ხასიათის ქონებრივ დავებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი წესით.

2.2. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საარბიტრაჟო შეთანხმებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონითა და წინამდებარე დებულებით.

2.3. მუდმივმოქმედ არბიტრაჟში მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის გზით, ამ დებულებისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2.4. საარბიტრაჟო საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შორის თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტი უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტი.

2.5. არბიტრაჟის წევრი ვალდებულია დაიცვას საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ საქართველოს კანონმდებლობიდან ანდა მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

2.6. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით და ამ საკითხის განხილვისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, მხარეთა შეთანხმებით და წინამდებარე დებულებით.

2.7. არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სახელით.

2.8.  კანონიერ  ძალაში შესული არბიტრაჟის გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად.

2.9 10 000 ლარამდე დავის არსებობის შემთხვევაში, არ არის აუცილებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს,თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2.10 არბიტრაჟი 1000 000 ლარამდე დავის არსებობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

თავი II.  საარბიტრაჟო მოსაკრებელი

მუხლი 3.  საარბიტრაჟო მოსაკრებელის ოდენობა და მისი გადახდის წესი

3.1. საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე იხდის საარბიტრაჟო მოსაკრებელს. მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო სარჩელი დარჩება განუხილველი.

3.2. საარბიტრაჟო მოსაკრებელი გადაიხდება შემდეგი ოდენობით:  დავის საგნის ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 177 ლარისა.

3.2.1. საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, შეადგენს 150 (ას ორმოცდაათ) ლარს;

3.2.2. კანონიერ ძალაში შესულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებაზე – სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე,  საარბიტაჟო მოსაკრებელი შეადგენს 100 (ას) ლარს;

3.2.3. არქივში გადაცემული საქმის მასალების გამოთხოვა 50 (ორმოცდაათი) ლარი.

3.3. საარბიტრაჟო მოსაკრებელის განსხვავებულ ოდენობას 3.2. პუნქტით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში ან/და მოსაკრებლის გადახდის განსხვავებულ წესს, დაინტერესებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ადგენს არბიტრი ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საქმის წარმოებაში მიღების დადგენილებით.

3.3.1. ერთი მხარისათვის საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობის შემცირება ან მოსაკრებლის წინასწარ გადახდისაგან გათავისუფლება მეორე მხარის არბიტრაჟის ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.

3.4. დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:

3.4.1. საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები;

3.4.2. მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის და თარჯიმნის გამოცხადების ხარჯები;

3.4.3. თარჯიმნის, სპეციალისტისა და ექსპერტისათვის ასანაზღაურებელი თანხა;

3.4.4. ადგილზე დათვალიერებისათვის გაწეული ხარჯები;

3.4.5. საჯარო შეტყობინებისათვის (პუბლიკაციისათვის) გაწეული ხარჯები;

3.4.6. სასამართლო წესით მტკიცებულებათა გამოთხოვასთან დაკავშირებული ხარჯები;

3.4.7. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები.

3.5. მოწმეს, ექსპერტს, სპეციალისტს, თარჯიმანს აუნაზღაურდება არბიტრაჟში გამოცხადებისათვის გაწეული მგზავრობის და საცხოვრებელი სადგომის დაქირავებისთვის საჭირო ხარჯები და მიეცემა დღიური თანხა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთან, მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტისა და თარჯიმნის არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს წინასწარ იხდის მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის თაობაზე.

3.6. თუ საარბიტრაჟო სარჩელში, სხვადასხვა ვალდებულებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე, რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება თითოეული მოთხოვნისათვის ცალ-ცალკე და, შესაბამისად, ცალ-ცალკე დგინდება საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა.

3.7. არბიტრაჟს (არბიტრს) ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია  ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს ან გაუნაწილვადოს საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა ან შეამციროს მისი ოდენობა.

3.8. არბიტრაჟს (არბიტრს), რომელიც აწარმოებს ადგილზე დათვალიერებას, აუნაზღაურდება მგზავრობასთან, ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ხარჯები, აგრეთვე მიეცემა დღიური თანხა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.9. არბიტრაჟის ხარჯები, დებულებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საარბიტრაჟო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედება არბიტრაჟის ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.

3.10. იმ მხარის მიერ გაღებული არბიტრაჟის ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, მისი მოთხოვნით ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მხარეთა მორიგების შემთხვევაში  საპროცესო ხარჯი მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ მხარეები მორიგების აქტით სხვა პირობაზე არ შეთანხმდებიან.

3.11. მხარის მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხს დაინტერესებული მხარის შუამდგომლობით გადაწყვეტს არბიტრაჟი (არბიტრი) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

3.12. თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის შუადგომლობით არბიტრაჟი მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეულ ხარჯებს.

3.13. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს უკან არ უბრუნდება საარბიტრაჟო მოსაკრებელი.

3.14.  საარბიტრაჟო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, მოსარჩელეს უკან არ უბრუნდება საარბიტრაჟო მოსაკრებელი.

3.15. საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შემდეგ, მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში, მისი შუამდგომლობის საფუძველზე, არბიტრაჟის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი  მოსარჩელეს  უკან არ უბრუნდება.

თავი III. საარბიტრაჟო განხილვა

მუხლი 4. საარბიტრაჟო განხილვის წესი

4.1. საარბიტრაჟო განხილვის წესს განსაზღვრავენ მხარეები „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის წესის შესახებ, მაშინ დავა განიხილება წინამდებრე დებულებითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით.

4.2. საარბიტრაჟო განხილვისას დგება საარბიტრაჟო სხდომის ოქმი, რომელსაც ადგენს სხდომის მდივანი. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ან/და ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ძირითად მომენტებს. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს საარბიტრაჟო სხდომის ჩატარების თარიღი, სხდომის დაწყებისა და  დამთავრების დრო. ოქმს ხელს აწერს არბიტრი და მდივანი, ხოლო თუ საქმეს განიხილავს არბიტრაჟი კოლეგიური შემადგენლობით – არბიტრთა კოლეგიის თავმჯდომარე და მდივანი.

4.3. არბიტრაჟს შეუძლია ოქმის შედგენისთვის გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალება, რომელთა მეშვეობით ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. არბიტრის მოთხოვნის შემთხვევაში სხდომის მდივანი უზრუნველყოფს ტექნიკური ჩანაწერის ან მისი ნაწილის გაშიფვრას. მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ტექნიკური ჩანაწერის ასლი ელექტრონული ფორმით, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. ასლის გადაღების საფასური გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ენა

საარბიტრაჟო განხილვის ენა არის ქართული.

მუხლი 6. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი

საარბიტრაჟო განხილვის ადგილი:ქალაქი თბილისი, პეტრე ქავთარაძის  ქუჩის I  შესახვევი #10, საოფისე ფართი 12ბ, სართული 5.

მუხლი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება

7.1. მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება საარბიტრაჟო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყებას ხელს აწერს არბიტრი, არბიტრთა კოლეგიის თავმჯდომარე ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს წერილობითი, ელექტრონული შეტყობინებით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. მოქალაქეს უწყება უნდა ჩაჰბარდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლითა  და ამ მუხლით დადგენილი წესით. იურიდიულ პირზე გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს წარმომადგენლობით ან სხვა უფლებამოსილ პირს, კანცელარიას ან ამ იურიდიული პირის ასეთივე დანიშნულების სხვა სტრუქტურულ ერთეულს.

7.2. წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება:

7.2.1. თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას.

7.2.2. თუ უწყების მიმტანმა პირმა ადრესატი ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაჰბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ ისინიც არ იმყოფებიან ადგილზე, იმავე სახლში მცხოვრებ სახლის მფლობელს ან დამქირავებელს, რომელიც თანახმა იქნება გადასცეს უწყება ადრესატს. უწყების მიმღები პირი ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი გვარი, სახელი, აგრეთვე ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები პირი ვალდებულია უწყება დროულად ჩააბაროს ადრესატს, ჩაბარებად  ჩაითვლება როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე უწყების მიმღების მიერ ადრესატისათვის უწყების შინაარსიის შეტყობინება.

7.3. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ელექტრონული, მაგნიტური, ოპტიკური ან მსგავსი საშუალებით, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული გადაცემით, ელექტრონული ფოსტით, ტელეგრამით, ტელექსით ან ტელეფაქსით, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით  დაბარებისას დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს არბიტრი ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.

7.3.1. ტექნიკური საშუალებით უწყების გაგზავნისას გაგზავნის ფაქტი დასტურდება: ტელეფონის შემთხვევაში –ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით; ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.

7.3.2. ტელეგრამით დაბარების შემთხვევაში, უწყების ჩაბარება დასტურდება დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით.

7.4. საარბიტრაჟო უწყებასთან ერთად არბიტრი ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე მოპასუხეს უგზავნის საარბიტრაჟო სარჩელს და თანდართული დოკუმენტების ასლებს. არბიტრაჟში შემოსული ყველა წერილობითი დოკუმენტის ასლი უნდა გაეგზავნოს მხარეებს უწყების გაგზავნამდე და უწყების გაგზავნის შემდეგაც.

7.5. საარბიტრაჟო გზავნილი/უწყება იგზავნება ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. კურიერის მიერ ადრესატისათვის უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება უწყების მეორე ეგზემპლარზე, რომელიც არბიტრაჟს უნდა დაუბრუნდეს.

7.6. თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით www.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს. საჯარო შეტყობინება ვებგვერდზე  www.legia.ge ხელმისაწვდომი უნდა იყოს განთავსებიდან არა უმეტეს 10 წლის განმავლობაში. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო შეტყობინების ვებგვერდიდან   www.legia.ge წაშლის შესახებ ამ მუხლში მითითებული ვადის (10 წლის) გასვლამდეც.

7.7. თუ ადრესატი დროებით წასულია, უწყების ჩამბარებელმა პირმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს სად არის წასული და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.

7.8. თუ ადრესატი უარს აცხადებს უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც უბრუნდება არბიტრაჟს. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს დავა.

7.9. მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ არბიტრაჟს საარბიტრაჟო წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ჩაითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

7.10. თუ მოპასუხისათვის უწყების ჩაბარება გაძნელებულია, მოსარჩელეს შეუძლია თავისი ინიციატივით ან არბიტრაჟის დავალებით დაეხმაროს არბიტრაჟს მოპასუხისათვის უწყების ჩაბარებაში.

7.11. თუ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის უფლება მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას, რომელიც ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისთვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.

მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელი და საარბიტრაჟო შესაგებელი

8.1. საარბიტრაჟო სარჩელი და საარბიტრაჟო შესაგებელი არბიტრაჟს წარედგინება და განიხილება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის და წინამდებარე დებულების მოთხოვნათა დაცით.

8.2. სარჩელის არბიტრაჟში შეტანიდან 10 დღის ვადაში დავის ერთი არბიტრის მიერ განხილვის შემთხვევაში არბიტრი, ხოლო დავის კოლეგიური შემადგენლობით განხილვის შემთხვევაში მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ამოწმებს:

8.2.1. სარჩელში აღნიშნულია თუ არა მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი წარმომადგენელს შეაქვს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონი, მათ შორის მობილური, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი;

8.2.2. მითითებულია თუ არა დავის საგანი, სარჩელის ფასი, მოსარჩელის მოთხოვნა, სარჩელისათვის დართული დოკუმენტების ნუსხა;

8.2.3. ერთვის თუ არა სარჩელს საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

8.2.4. ერთვის თუ არა სარჩელს თანდართული დოკუმენტების ნუსხაში მითითებული ყველა დოკუმენტი;

8.2.5. თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს, ერთვის თუ არა მას წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

8.2.6. არის თუ არა სარჩელი ხელმოწერილი;

8.2.7. წარდგენილია თუ არა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.

8.3. თუ არბიტრი ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია დებულების და ,,არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, იგი გამოიტანს დადგენილებას ხარვეზის შესახებ და საარბიტრაჟო მოსარჩელეს განუსაზღვრავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დადგენილ ვადაში შეავსებს ხარვეზს, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე გამოიტანს დადგენილებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დადგენილებით უარს ეტყვის საარბიტრაჟო მოსარჩელეს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებელი არ ექვემდებარება დაბრუნებას.

8.4. არბიტრი ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე მიღებულ საარბიტრაჟო სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაუგზავნის მოპასუხეს მისი წარმოებაში მიღებიდან 45 დღის ვადაში.

8.5. მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის საარბიტრაჟო სარჩელის ჩაბარებიდან საარბიტრაჟო სხდომის ჩატარებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად, თუ:

8.5.1. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;

8.5.2. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;

8.5.3. შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად დავა უფრო სწორად და სწრაფად გადაწყდება.

8.5.4. შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე ვრცელდება წინამდებარე დებულებით სარჩელის აღძვრისა და წარმოებაში მიღებისათვის დადგენილი ყველა მოთხოვნა.

8.6. საარბიტრაჟო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთობლივად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ:

8.6.1. საარბიტრაჟო სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება;

8.6.2. სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან;

8.6.3. სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.

8.6.4   მოპასუხეს ვალდებულია მისთვის საარბიტრაჟო სარჩელის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში წარმოადგინოს საარბიტრაჟო შესაგებელი. აღნიშნულ ვადაში საარბიტრაჟო შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, არბიტრაჟი განაგრძობს საქმის განხილვას და მიიღებს გადაწყვეტილებას.

8.7. თითოეული საარბიტრაჟო მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად. ამასთან, თანამონაწილეები სარგებლობენ ,,არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ დებულებით მხარეებისთვის მინიჭებული ყველა უფლებით.

მუხლი 9. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

9.1. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს მხარეთა შეთანხმებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონითა და წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით;

9.2. თუ მხარეთა შეთანხმებით დადგენილია დავის განხილვა არბიტრთა კოლეგიური შემადგენლობის მიერ, საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე აღძრული შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე შეიძლება განიხილოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარემ.

9.3. არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და მათი აღსრულება დასაშვებია არბიტრაჟის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ ცნობის გარეშე.

მუხლი 10. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვება

10.1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ან არბიტრაჟი მხარეთა განცხადებით, ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ :

10.1.1. საარბიტრაჟო სარჩელი შეტანილია ქმედუუნარო პირის მიერ ან ქმედუუნარო პირის წინააღმდეგ;

10.1.2. სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმეობაზე;

10.1.3. საარბიტრაჟო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადდა, ხოლო მოპასუხე თანახმაა საარბიტრაჟო სარჩელი დარჩეს განუხილველი;

10.1.4. არც ერთი მხარე არ გამოცხადდა;

10.1.4. საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე;

10.1.5. არ არის გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი;

10.1.6. დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

10.2. იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს საერთო წესის დაცვით. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ან არბიტრაჟი უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ საარბიტრაჟო სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.

მუხლი 11. საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებაუნარიანობა

11.1. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, არბიტრაჟის წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ არბიტრაჟის გადაწყვეტილებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ კანონით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

11.2. საარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს საარბიტრაჟო სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს საარბიტრაჟო სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, დააზუსტოს საარბიტრაჟო სასარჩელო მოთხოვნა.

მუხლი 12. საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა

12.1. ყველა სრულწლოვანი ფიზიკური პირი და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, თავისი მოქმედებით განახორციელოს არბიტრაჟში საპროცესო უფლებები და შეასრულოს საპროცესო მოვალეობები, აგრეთვე დაავალოს საქმის წარმოება წარმომადგენელს (საპროცესო ქმედუნარიანობა).

12.2. ფიზიკურ პირთა სრული საპროცესო ქმედუნარიანობა წარმოიშობა 18 წლის ასაკიდან (სრულწლოვანებიდან), ხოლო იურიდიული პირის ქმედუნარიანობა – მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ქმედუნარიანად ითვლება აგრეთვე პირი, რომელიც იქორწინებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.

12.3. თუ საქმის წარმოების დროს გაირკვევა, რომ საარბიტრაჟო განხილვის ერთ-ერთი მხარე ქმედუუნაროა, არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს დავა მხოლოდ მაშინ, თუ ქმედუუნარო პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი.

 

მუხლი 13. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით

13.1. მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ არბიტრაჟში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.

13.2. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ არბიტრაჟში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმისწარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.

13.3. არბიტრაჟში მხარეების წარმომადგენლებად ასევე შეიძლება იყვნენ ადვოკატები და სხვა ქმედუნარიანი პირები. წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქეთა მიერ გაცემული მინდობილობები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მუშაობს ან სწავლობს მარწმუნებელი, სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობას სამხედრო მოსამსახურე გასცემს. საპატიმროში მყოფი პირის მიერ გაცემულ მინდობილობას დაამოწმებს შესაბამისი საპატიმრო დაწესებულების ადმინისტრაცია. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი. ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 14. მტკიცებულებები

14.1. საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები წარადგენენ მტკიცებულებებს, მათი შუამდგომლობით არბიტრაჟი იწვევს მოწმეებს, სპეციალისტს ან ექსპერტს; ნიშნავს ექსპერტიზას. არბიტრაჟის მიერ მტკიცებულებების გამოთხოვისა და ექსპერტიიზის დანიშვნისას გამოიყენება „ არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები.

14.2. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამ გარემოებების დამტკიცება შესაძლებელია თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით, ექსპერტთა დასკვნებით. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს არ გააჩნია იურიდიული ძალა.

14.3. არბიტრაჟისათვის არავითარ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. არბიტრაჟი მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს არბიტრაჟის შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

14.4. მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, ესენია:

14.4.1. ფაქტები, რომლებსაც არბიტრაჟი საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს;

14.4.2. ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს ან არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით, თუ საარბიტრაჟო განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

14.4.3. ფაქტები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, როცა საქმეს იხილავს არბიტრაჟი იმ პირის ქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი.

14.4. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და წარმოდგენა, არბიტრაჟს მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით შეუძლია, მოსთხოვოს სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში. არბიტრაჟი ასევე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად. მხარის განცხადება მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ არბიტრაჟს წარედგინება წერილობითი ფორმით.

14.5. მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოსათვის დახმარების მიმართვის შესახებ მხარის წერილობით განცხადებულ შუამდგომლობაში უნდა აისახოს:

14.6.1. მტკიცებულებანი, რომელთა მოპოვებაც აუცილებელია;

14.6.2. გარემოებანი, რომელთა დასადასტურებლადაც საჭიროა ეს მტკიცებულებანი;

14.6.3. მიზეზები, რომლებმაც აიძულა განმცხადებელი მიემართა შუამდგომლობით მტკიცებულებათა სასამართლოს დახმარებით მოპოვების შესახებ;

14.6.4. მოწინააღმდეგემხარის გვარი, სახელი, მისამართი.

14.6.5. მტკიცებულებათა მოპოვებაში დახმარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ არბიტრაჟი იღებს დადგენილებას. მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეულ ხარჯებს გადაიხდის პირი, რომელმაც იშუამდგომლა არბიტრაჟის წინაშე ასეთი უზრუნველყოფის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში მონაწილეობისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. საბოლოოდ ამ ხარჯების განაწილება მოხდება არბიტრაჟის მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტისას.

თავი IV. არბიტრაჟის შემადგენლობა

მუხლი 15. არბიტრთა რაოდენობა

15.1. არბიტრაჟი შედგება ერთი ან სამი არბიტრისაგან.

15.2. 5 000 000 ლარამდე დავის არსებობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს არბიტრაჟი ერთი არბიტრის შემადგენლობით. (თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული).

15.3. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, საარბიტრაჟო სარჩელის მუდმივმოქმედ არბიტრაჟში წარდგენიდან 5 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

15.4. სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში ნიშნავს მესამე არბიტრს, რომელიც იმავდროულად არის არბიტრთა კოლეგიის თავმჯდომარე. თუ ერთ-ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში, არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე არბიტრის დანიშვნისათვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან 5 დღეში.

15.5. თუ რომელიმე მხარის მიერ დანიშნული არბიტრი არასაპატიო მიზეზით არ ღებულობს მონაწილეობას საარბიტრაჟო დავის განხილვაში, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე შესთავაზებს მხარეს 5 დღის ვადაში დანიშნოს ახალი არბიტრი. თუ აღნიშნული ვადაში მხარე არ დანიშნავს ახალ არბიტრს, მას დანიშნავს მუდმივმოქედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.

მუხლი 16. არბიტრების დანიშვნა

16.1. დაუშვებელია პირის არბიტრად დანიშვნა მისი თანხმობის გარეშე. არბიტრობაზე თანხმობა პირმა უნდა განაცხადოს წერილობით,  გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმის განმხილველ არბიტრად ინიშნება არბიტრაჟის თავმჯდომარე.

16.2. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ვალდებულია არბიტრის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე საარბიტრაჟო წარმოების მხარეებს და არბიტრაჟს, წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია განათლებისა და საარბიტრაჟო შეთანხმებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მონაცემები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმის განმხილველ არბიტრად ინიშნება არბიტრაჟის თავჯდომარე.

16.3. არბიტრის დანიშვნისას არბიტრაჟმა უნდა გაითვალისწინოს მხარეთა მიერ შეთანხმებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის დანიშვნის უზრუნველსაყოფად. არბიტრის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 17. არბიტრის აცილების საფუძვლები

მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს არბიტრის აცილება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

თავი V. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები

მუხლი 18. ვადები

18.1.  საარბიტრაჟო-საპრცესო მოქმედება სრულდება კანონით და ამ დებულებით დადგენილ ვადებში.

18.2. საარბიტრაჟო სარჩელი წარმოებაში მიიღება არბიტრაჟში სარჩელის შემოტანიდან არა უგვიანეს 20 დღის ვადაში, რის თაობაზეც საარბიტრაჟო დავის ერთპიროვნულად განმხილველ არბიტრს ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს დადგენილება საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით.

18.3. თუ მხარეთა მიერ არ არის შეთანხმებული არბიტრის/არბიტრების დანიშვნის წესი, საქმეს არბიტრის/არბიტრების დანიშვნამდე ამზადებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე. გზავნილი და უწყება მოპასუხეს უნდა ჩაჰბარდეს  ამ დებულების მე-7 მუხლით დადგენილი წესით და განესაზღვროს გონივრული ვადა მოპასუხისათვის „არბიტრაჟის შესახებ“ კანონით და ამ დებულებით დადგენილი საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებამოსილების განხორციელებისათვის, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

18.4. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის დინება იწყება იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

მუხლი 19. არბიტრის დანიშვნის, აცილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის საპროცესო ვადები

19.1. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს არბიტრაჟს 15 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა „არბიტრაჟის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ აცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ ეთანხმება აცილებას წერილობითი განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, მაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი ამ ვადის ამოწურვიდან 30 დღეში. თუ აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც აცხადებს აცილებას, შეუძლია აცილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.

19.2. აცილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟს შეუძლია გააგრძელოს საარბიტრაჟო განხილვა იმ არბიტრის მონაწილეობით, რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

19.3. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში არბიტრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით. აღნიშნულ შემთხვევებში შეთანხმების მიუღწევლობისას ერთ-ერთ მხარეს შეუძლია არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის დაყენებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მუხლი 20. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ

20.1. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება.

20.2. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოებების შეტყობიდან 7 დღის ვადაში. თუ არბიტრაჟი განსაზღვრავს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, მხარეებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება გამოტანიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ სასამართლოში. არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

მუხლი 21. საარბიტრაჟო დავის განხილვა

საარბიტრაჟო დავის განხილვა იწყება არბიტრაჟში დავის გადაცემის შესახებ შეტყობინების საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ მიღების დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 22. მხარეთა გამოუცხადებლობა

თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ წარმოადგენს თავის პოზიციასა და მტკიცებულებებს, არბიტრაჟს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 23. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის ვადა

23.1.  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით

23.2. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში. მორიგების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 39-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

მუხლი 24. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორებისა და განმარტებისათვის დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადები

24.1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს   მოსთხოვოს არბიტრაჟს, გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი შეცდომები. ასევე, მხარეთა შეთანხმების არსებობისას მოსთხოვოს არბიტრაჟს, მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით.      არბიტრაჟმა, თუ იგი მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შესაბამისი შესწორება ან უნდა მისცეს შესაბამისი განმარტება. ასეთი განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილია.

24.2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს  მოსთხოვოს არბიტრაჟს, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 60 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.

24.3. არბიტრაჟს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია არა უმეტეს 30 დღით გააგრძელოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გაასწოროს შეცდომა, უნდა მისცეს განმარტება ან უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად. თუ მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში რჩება შესწორების შეტანის, განმარტების მიცემის ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის განმავლობაში.

თავი 6.  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

    მუხლი 25. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა

არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით.

მუხლი 26. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

მხარეებს უფლება აქვთ გაასაჩივრონ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით.

მუხლი 27. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება წარმოებს „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით.

მუხლი 28 . არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები

28.1. მხარეს/მხარეებს უფლება აქვთ მოითხოვონ არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება  ,,არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

მუხლი 29. სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლეობა

29.1. სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

29.2. ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრის შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. უფლებამონაცვლისათვის საარბიტრაჟო საქმის წარმოებაში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

29.3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლეობის დადგენისათვის, არბიტრაჟს განცხადებით მიმართავს ერთ-ერთი მხარე უფლებამონაცვლის მიმართ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. განცხადების წარდგენის შემდეგ, არბიტრაჟი უფლებამოსილია:

29.3.1. განცხადების შეტანიდან 10 დღის ვადაში საქმის განმხილველმა არბიტრმა ან მისი არყოფნის შემთხვევაში არბიტრაჟის თავმჯდომარის მიერ  დანიშნულმა სხვა არბიტრმა, მიიღოს დადგენილება განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე და დანიშნოს საარბიტრაჟო განხილვა;

29.3.2. მოიწვიოს მხარეები საარბიტრაჟო სხდომაზე  ამ დებულების მე-7 მუხლით დადენილი წესით;

29.3.3. მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა  საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება  განცხადების დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე.

თავი 7. დასკვნითი დებულებები

 

 მუხლი 30. არბიტრაჟის შექმნისა და საქმიანობის შეწყვეტის წესი

არბიტრაჟი იქმნება და წყვეტს საქმიანობას შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგიას” პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით. პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

მუხლი 31. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის კომპეტენცია

31.1. დავის არბიტრთა კოლეგიური შემადგენლობის მიერ განხილვის შემთხვევაში, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია:

31.1.1. გადაწყვიტოს საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის გადავადების, განაწილვადების, ანდა საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობის შემცირების საკითხი;

31.1.2. გადაწყვიტოს არბიტრის დანიშვნის საკითხი ,,არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონითა და წინამდებარე დებულების 15.3-15.4 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად;

31.1.7. განახორციელოს ,,არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

მუხლი 32.  არბიტრაჟის დებულების დამტკიცებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულებას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს პარტნიორთა კრებას.

მუხლი 33. კანონის მოქმედების უპირატესი ძალა

წინამდებარე დებულებას აქვს უპირატესი ძალა არბიტრაჟის შესახებ კანონის დისპოზიციურ  ნორმებთან მიმართებაში, ხოლო თუ ამ დებულების რომელიმე მუხლი ეწინააღმდეგება კანონის დათქმას ამ შემთხვევაში მოქმედებს კანონის ნორმა.